ღირშესანიშნაობები

მელაანის სამების ეკლესია


მელაანის სამების ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ძეგლზე არაა არც დამათარიღებელი წარწერა. თუმცაღა, იგი იმდენად ახლოს დგას გურჯაანის ქვაშვეთის გადაწყვეტასთან, რომ ამავე პერიოდს – XVII-XIX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.


მელაანის სამების ეკლესია გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ტიპის – კუპელჰალეს ნიმუშია. ეკლესიის გეგმა დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე მკვეთრად წაგრძელებულ ოთხკუთხედს წარმოადგენს. შიდა სივრცე ორი წყვილი შვერილის საშუალებით აქაც სამ ნაწილად იყოფა. ცენტრალური ნაწილი განიერია აღმოსავლეთ და დასავლეთ მონაკვეთებზე. გრძივი კედლების გაყოლებაზე თითქმის ერთი სიმაღლის კედლის თაღებია (იგივე უბეები) – სამ-სამი თითოეულ მხარეს. გუმბათი აღმოსავლეთით ვიწრო საკურთხევლის წინა მონაკვეთებზეა ამოყვანილი და არა ცენტრალურ, განიერ ნაწილზე. გუმბათი აქაც მცირე დიამეტრიანია და სამხრეთითა და ჩრდილოეთით ეყრდნობა თაღებს, რომელნიც, თავის მხრივ, საკურთხევლის სატრიუმფო თაღსა და აღმოსავლეთ შვერილებზე გადაყვანილ თაღს ებჯინება.

ეკლესიის საკურთხევლის აფსიდი ნავის მთელ სიგრძეს მოიცავს და პასტფორიუმები არ ახლავს. მასში სამისწორკუთხა ნიშაა დაყოლებული. გუმბათქვეშა თაღები მცირედ შეისრულია, სხვა ყველა თაღი ნახევარწრიულია, მხოლოდ ერთ ნიშას აქვს შეისრულთაღოვანი დაბოლოვება და მასში სამხრეთი შესასვლელია ჩასმული. კამარის საბჯენსა და გუმბათქვეშა თაღებს ქუსლებთან იმპოსტები ახლავს. განათების სისტემა კახეთის სხვა ამ ხანის ძეგლების მსგავსია – აღმოსავლეთით და დასავლეთით თითო სარკმელია გაჭრილი, გრძივ კედლებში კი თითოეულ მხარეს ორ-ორი. ისინი ქვემოთაა ჩასმული თაღოვან ნიშებში. სამხრეთ თაღს ზემოთ, გუმბათქვეშა ნაწილში კიდევ ერთი სარკმელია გაჭრილი, გუმბათის ყელში კი ექვსი მაღალი და ვიწრო ღიობია მოთავსებული. ქვედა კორპუსის სარკმელთა თავისებურება ისაა, რომ ისინი საფასადო მხარესაც ფართოვდება. შესასვლელი ორია – სამხრეთით და დასავლეთით. გარე მასებში ვიწრო და მაღალი გუმბათი აღმოსავლეთით არის გადაწეული. დასავლეთით კეხზე ოთხმხრივ ღიობებით გახსნილი მცირე ფანჩატურია. კორპუსი სამნავიან მოცულობას წარმოადგენს. საშენ მასალად აგური და ნატეხი ქვაა გამოყენებული. ალაგ-ალაგ ჩართულია საფლავის ქვებიც. განსაკუთრებული გულმოდგინებთ გუმბათია გაფორმებული – რომბებს ჯვრების მწკრივებით, სარკმლებზე შემოყოლებული ლეკალური აგურის ლილვებით. ფასადებზე გარკვეული სიახლეა: ვხედავთ ახლებური კომპოზიციების შედგების მცდელობას. მაგალითად, მკლავის სარკმლის ორსავ მხარეს ოთხი ჯვრის კომპოზიციაა; დასავლეთით თაღოვანი ელემენტებიც შემოდის. თანაც ეს ფორები ახლებურად, ლეკალური აგურითაა გამოყვანილი და არა ძველებურად – სიბრტყეთა დონის ცვალებადობით. თუმცა ამ უკანასკნელი ხერხით შექმნილი ორი ჯვარი აღმოსავლეთ ფასადზე შეიძლება ვიხილოთ. სახასიათოა საფასადო მხრიდან შესასვლელების პერსპექტიულად ჩაღრმავებულ ორ თაღში მოთავსება. ასეთი ფორმა გვიან შუა საუკუნეების მიწურულის ძეგლებს ახასიათებს.

მელაანის სამების ეკლესია გურჯაანისა და ველისციხის ეპაარქიის დაქვემდებარებაშია.

No comments:

Post a Comment