ისტორია

მელაანი რუკაზე
 სოფელი მელაანი მდებარეობს გარე კახეთში, ცივ-გომბორის სამხრეთ-დასავლეთ  კალთაზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 750 მეტრზე, გურჯაანიდან 25 კილომეტრზე. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1406 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.                             
სახელიც უცნაური აქვს - მელაანი. ზოგი ამბობს, ბევრი მელა იცოდაო, ზოგიც - ერეკლე მეფის დროს აქ ხეშავის ნაყოფს აგროვებდნენ მელნის დასამზადებლადო.
სოფლის სახელიდან ერთი ლიტერატურული ფსევდონიმი დაიბადა - „მელანია“, რომლის მიღმა დგას  XIX საუკუნის დასასრულის ხალხოსანი მწერალი, მღვდელი ნიკოლოზ ნათიძე. მისი წიგნი „ქედნის ღურუნი“ ადრე პოპულარული ყოფილა. მოთხრობა „ბნელო“ ეგნატე ნინოშვილის „სიმონას“ ზუსტი კახური ვერსიაა, ოღონდ მასზე მთელი თოთხმეტი წლით ადრე გამოქვეყნდა.  ნიკოლოზ ნათიძის საფლავი მელაანის სამების ეკლესიის გვერდითაა.
გარდა სამების ეკლესიისა, რომელიც ჯვარ-გუმბთოვანი ტიპის XVIII საუკუნის დასასრულის ძეგლია, სოფელში შემორჩენილია წმინდა გიორგისა და ღვთისმშობლის პატარა ბაზილიკები, რომელთა აშენების თარიღი უცნობია. ასევე შემორჩენილია მარინეს, ბარბარეს, უსანეთის და შანას საყდრების ნანგრევებიც.
მელაანში აღმოჩენილი მეომრის ბრინჯაოს ქანდაკება
ძვ.წ.აღ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე მელაანი შედიოდა იორ-ალაზნის აუზში მცხოვრებ ტომთა გაერთიანებაში. იგი გვიანი ბრინჯაოს ხანის პერიოდიდანაა ცნობილი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ბრინჯაოს ნივთები. განსაკუთრებით საყურადღებოა ნამოსახლარი ბორცვები: „სამელნე სერი“, „ტინის სერი“, „მოჭრილი გორა“. ამ ნამოსახლარებზე მოპოვებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მისდევდა მიწათმოქმედებას. ამაზე მიგვითითებს აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს და რკინის ნამგლები, სასხლავები, ღვინის შესანახი დიდი ქვევრების ფრაგმენტები, უამრავი სასმისი. მესაქონლეობის განვითარებაზე მეტყველებს მოპოვებული ოსტოლოგიური მასალა. აღმოჩენილია ცხენის ბრინჯაოსა და რკინის ლაგმები, სამკაულები. ცხენს მოსახლეობის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.
მელაანში აღმოჩენილი ისრის პირები
განვითარების მაღალ საფეხურზე იყო ხელოსნობა. დიდი ცოდნისა და საქმეში დახელოვნებულობის გარეშე მელაანის მკვიდრნი ვერ დაამზადებდნენ მაღალი ხარისხის თიხის მრავალრიცხოვან ჭურჭელსა და რკინის ნივთებს. თიხის ჭურჭლის დასამზადებლად ნედლელი ადგილობრივ მოიპოვება, ხოლო ბრინჯაოს მისაღები კომპონენტები - კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებზე; იორ-ალაზნის აუზიც აქედან მარაგდებოდა მზა პროდუქციით.   
„ჩალიანის“ სამაროვანის გათხრების შედეგად აღმოჩენილია სამლოცველოს ნაშთი, რომელიც სავარაუდოდ, ომის ღვთაების სახელწოდებით არის ცნობილი და ძვ.წ.აღ. I ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება. აღმოჩენილი საკულტო ძეგლი ურარტუს სამეფოში მუსასარის ტაძრის ანალოგია, მაგრამ მცირე მასშტებებში.
მელაანის მონაპოვრებიდან ე.წ. „სკვითური“ ტიპის ისრისპირები ერთ-ერთ ყველაზე გვიანდელ ნივთებს წარმოადგენენ. სკვითების შემოჭრას ამიერკავკასიაში კასპიის ზღვის გაყოლებითა და დარიალის ხეობით ძვ.წ.აღ. VIII საუკუნეში გულისხმობენ. მელაანის ტაძარი მტრისგან იყო განადგურებული და აბორიგენების მიერ უეცრად მიტოვებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა არ მიატოვებდა შენობაში დაცული მაღალი ხარისხის უამრავ იარაღ-საჭურველსა და რაც მთავარია, თავის ღვთაებებს.
         1880 წელს მელაანში გაიხსნა ერთწლიანი სამრევლო სკოლა თავად ზაქარია ანდრონიკაშვილის თაოსნობით. ამ სკოლის პირველი მასწავლებელი თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებული ნინო ანდრონიკაშვილი იყო.

          226-მა მელაანელმა მიიღო მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში (1941-1945წ.წ.) აქედან 113 გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.

No comments:

Post a Comment